10 მიზეზი იმისთვის, რომმოარგოწესდებაშენიკომპანიისსაქმიანობას
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი ძალაში 2022 წლის 01 იანვრიდან შევიდა, თუმცა კვლავაც აქტუალურ თემად რჩება თუ გავითვალისწინებთ, რომ მასში განხორციელებულ ცვლილებებთან მეწარმე სუბიექტის თანხვედრაში მოსაყვანად განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომაც საქართველოში რეგისტრირებული სუბიექტების დიდ უმრავლესობას სარეგისტრაციო მონაცემები ახალი კანონთან შესაბამისობაში არ მოუყვანია.
2024 წლის 1-ელ იანვრამდე განსაზღვრული ვადა 2024 წლის 30 ნოემბრის ცვლილებით 2025 წლის 1-ელ აპრილამდე გადავადდა, თუმცა თუ აღნიშნული ვალდებულება მაინც არ შესრულდა, 2026 წლის 1 იანვრიდან მიიღება გადაწყვეტილება ამ ვალდებულების დამრღვევი მეწარმის რეგისტრაციის ხარვეზიანობის შესახებ და ხარვეზის აღმოსაფხვრელად მას 3-თვიან ვადა უდგინდება. ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ უკვე მიიღება გადაწყვეტილება საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
რთულია ერთი კონკრეტული მიზეზის დასახელება თუ კომპანიათა დიდ უმრავლესობას რატომ არ მოუყვანია თავისი სადამფუძნებლო დოკუმენტაცია ახალ კანონთან შესაბამისობაში. თუმცა ეს პროცესი არ არის რთული. ახალ კანონთან ერთად მიღებულია მისი შესაბამისი მეწარმე პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქცია, შემოღებულია სადამფუძნებლო შეთანხმების ფორმა და განსაზღვრულია ძირითადი მონაცემები, რაც უნდა აისახოს მასში. უფრო მეტიც, ადრე თუ ძირითადად კომპანიების დაფუძნებისას მეწარმეები იყენებდნენ საჯარო რეესტრის სტანდარტულ შაბლონს, ახლა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა თითოეული სამართლებრივი ფორმის შესაბამისი სტანდარტული წესდება, რომელიც არ შეიცავს შესაცვლელ ელემენტებს და მის გამოსაყენებლად მეწარმეები უბრალოდ მიუთითებენ რომ იყენებენ სწორედ სტანდარტულ წესდებას და არა წესდების თავიანთ ვერსიას.
სტანდარტული წესდება თავისი შინაარსით უმეტეს შემთხვევაში იმეორებს მეწარმეთა შესახებ კანონით განსაზღვრულ წესებს, შეზღუდვებს, პროცედურებსა და ვადებს და დასაშვებია მისი ავტომატურ რეჟიმში მიღება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ისედაც იუსტიციის სამინისტროს შაბლონური წესდებით ხელმძღვანელობდნენ.ის კომპანიები კი, რომლებსაც ყავთ ერთზე მეტი პარტნიორი ან დირექტორი, მნიშვნელოვანი ბრუნვა და კორპორატიული აქტივობა, შეიძლება მეტად იყვნენ დაინტერესებული თავიანთი საქმიანობის თავისებურებებზე მოარგონ წესდება კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) სტანდარტული წესდების საფუძველზე შევეცდებით წამოვწიოთ მიზეზები, თუ რატომ შეიძლება საწარმომ პრიორიტეტი მიანიჭოს საკუთარი წესდების შემუშავებას.
- განთავსებული კაპიტალი & წილების კლასები
მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს შპს-ს კაპიტალის ახლებური ნებადართული კაპიტალის სახით ფორმირება. ეს არის სამეწარმეო საზოგადოების მიერ განსაზღვრული ფულადი ოდენობა და მისი ძირითადი დანიშნულება დაფუძნებისას საზოგადოების საწყისი კაპიტალის ფორმირებაა. კანონი ითვალისწინებს შპს-სკაპიტალის დაყოფას განთავსებულ, გამოშვებულ და ნებადართულ წილებად, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ან არა ნომინალური ღირებულება.
დაშვებული ხდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წილების განსხვავებული კლასების არსებობა. წილები, რომლებიც იდენტურ უფლებებსა და ვალდებულებებს წარმოშობს, წილების ერთ კლასს ქმნის.
წილების დასაშვებობასა და წილების განსხვავებული კლასების გამოშვების შესაძლებლობა იზიარებს სააქციო საზოგადოების კაპიტალის ძირითად ნიშან-თვისებებს და შპს-ს კაპიტალის სტრუქტურას აახლოვებს სააქციო საზოგადოების მსგავს სისტემას, რაც, თავის მხრივ, ემსახურება შპს-ში კაპიტალის მოზიდვის მექანიზმების ფართო სპექტრის დანერგვას.
კანონის აღნიშნული სიახლე ინვესტორებს გაუადვილებს საზოგადოების დაფინანსებას, კომპანიაში წილის სანაცვლოდ, ხოლო კომპანიას გაუადვილებს უკეთესად მართოს მოზიდული დაფინანსების რისკები.
კაპიტალის ახალ სტრუქტურის საბაზისო რეგულირება მოცემულია მეწარმეთა შესახებ კანონში, თუმცა არასაკმარისია და კაპიტალის თითოეული სახისა თუ კლასის წილის სრულფასოვანი გამოყენებისთვის საჭიროა კომპანიის წესდება სათანადოდ ასახავდეს თანმდევი უფლებებისა და ვალდებულებების მარეგულირებელ ნორმებს.
- შენატანი
ახალი კანონი მეწარმეთა შესახებ ვრცლად არეგულირებს შენატანის საკითხს, რომელიც წარმოადგენს საზოგადოების კაპიტალში წილის შეძენის ან მისი ღირებულების გაზრდის სანაცვლოდ პარტნიორის მიერ შეტანილი ქონებრივ სიკეთეს ეს იქნება ფულადი თუ არაფულადი სახით.
შენატანის განხორციელების ძირეული ნორმები მოცემულია კანონში, თუმცა მიზანშეწონილია ცალკეული კომპანიის თავისებურებების გათვალისწინებით მოხდეს შენატანის შეტანის წესის და ვადების განსაზღვრა წესდებაში.
მაგალითად თუ შენატანის განხორციელება ხდება სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის სახით, რაც არაფულადი შენატანად განიხილება, როდის დგება მასზე საკუთრების უფლების გადაცემი მომენტი.
ან თუ შენატანი ხორციელდება არაფულადი მატერიალური სახით, შესაძლებელია განისაზღვროს ასეთი შენატანის ღირებულების შეფასების უფრო სანდო და ბიზნეს პრაქტიკაში დამკვიდრებული კრიტერიუმები.
მნიშვნელოვანია ასევე შენატანის თემის ისეთი ასპექტის მოწესრიგება, როგორიცაა პარტნიორების მიერ შენატანის განხორციელებისას მათი წილობრივი მონაწილეობის არაპროპორციული ოდენობით გადანაწილება/არგადანაწილება.
- წილისგასხვისებისა და განკარგვის უფლება
წილის განკარგვის (გასხვისება ან უფლებრივად დატვირთვა) უფლება პარტნიორის ერთ-ერთი ძირეული უფლებაა, თუმცა ის თუ ვინ არის კომპანიის ამჟამინდელი და პოტენციური პარტნიორი მნიშვნელოვანია როგორც სხვა პარტნიორების, ასევე თავად კომპანიის ლეგიტიმური ინტერესებისთვის. შესაბამისად, მეწარმეთა შესახებ კანონი ითვალისწინებს რა წილის განკარგვის თავისუფლებას, ამავე დროს იძლევა საშუალებას წესდებით განისაზღვროს გარკვეული შეზღუდვები წილის განკარგვასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე უნდა დაფიქსირდეს სადამფუძნებლო შეთანხმებაში.
ასეთი შეზღუდვა შეიძლება ეხებოდეს წილის მიყიდვას კონკურენტი კომპანიისთვის ან სხვა რაიმე ისეთი მახასიათებლით, რომლის დაწესება გონივრულად და ლეგიტიმურად შეიძლება ჩაითვალოს სხვა პარტნიორების ან კომპანიის მხრიდან. შეზღუდვა შეიძლება ეხებოდეს ასევე უშუალოდ განკარგვის ცალკეულ პირობებს იქნება ეს გასხვისება თუ უფლებრივად დატვირთვა, რადგან იმან თუ რა პირობებით ხდება წილის გადაცემა ან უფლებრივად დატვირთვა შეიძლება გავლენა იქონიოს არა მხოლოდ წილის მესაკუთრეზე, არამედ სხვა პარტნიორებსა და კომპანიის უფლება-მოვალეობებზე, ფინანსურ მდგომარეობასა და რისკის მაჩვენებლებზე.
სტანდარტული წესდების თანახმად პარტნიორს შეუძლია განკარგოს და გადასცეს (გაასხვისოს ან უფლებრივად დატვირთოს) თავისი წილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და სხვა პარტნიორთა თანხმობის გარეშე. უფრო მეტიც წილის გასხვისების შემთხვევაში პარტნიორს ვალდებულება აქვს მხოლოდ გასხვისების შემოდგომ აცნობოს კომპანიას გასხვისების შესახებ. ასეთი ჩანაწერი ხელსაყრელი არ უნდა იყოს ბევრი კომპანიისთვის, რომლებსაც თუნდაც ორი პარტნიორი ყავთ.
კანონის თანახმად წილის განკარგვაზე შეზღუდვების დაწესებას სჭირდება ყველა იმ პარტნიორის თანხმობა, რომელსაც აღნიშნული შეზღუდვა ან აკრძალვა ეხება, თუმცა თავიდანვე კომპანიის საჭირობებზე მორგებული შეზღუდვების შემოღება მიზანშეწონილია სამეწარმეო საქმიანობის სტაბილურად და წარმატებულად განხორციელებისთვის.
- უპირატესი შესყიდვის უფლება
საქართველოს ბიზნეს სივრცეში უპირატესი შესყიდვის უფლება ფართოდ გამოყენებულია მისი მრავალმხრივი ფორმითა და პირობებით. ახლი მეწარმეთა შესახებ კანონი იცნობს უპირატესი შესყიდვის უფლებას და განსაზღვრავს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის უპირატესი შესყიდვის უფლების წესსა და პირობებს, თუმცა მხოლოდ ახლად გამოშვებული წილებისთვის.
კანონის პარალელურად სტანდარტული წესდებაც მხოლოდ ნებადართული კაპიტალის არსებობის შემთხვევაში ახალი წილის გამოშვებისას არის განსაზვრული უპირატესი შესყიდვის უფლება და არ ითვალისწინებს არსებული პარტნიორების მიერ საკუთარი წილის გასხვისებისას სხვა პარტნიორებისთვის მისი უპირატესად შეთავაზების ვალდებულებას.
წილის გასხვისებისას სხვა პარტნიორებისთვის მისი უპირატესი შეთავაზება შესაძლებელია წილის განკარგვის უფლებრივ შეზღუდვად გავიგოთ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თუმცა უპირატესი შესყიდვის უფლების წესდებაში გათვალისწინება უფრო მეტია ვიდრე უფლების ფიქსაცია. მიზანშეწონილია განისაზღვროს უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების კონკრეტული პირობები და პროცედურები, როგორიცაა შეთვაზების ფორმა, ვადები, წილის ღირებულების შეფასების პირობები, ორი და მეტი პოტენციური მყიდველი პარტნიორის შემთხვევაში შეთავაზების პროპორციები, უპირატესი შესყიდვის უფლების სხვა პარტნიორისთვის ან მესამე პირის სასარგებლოდ დათმობის პირობები, თანხმობის პირობები და ვადები და სხვა ისეთი დანაწესები, რომელთა შემუშავება ხდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კომპანიის კორპორატიული სტრუქტურის გათვალისწინებით.
- პარტნიორთა თანასწორუფლებიანობა
სტანდარტული წესდების თანახმად თანაბარ პირობებში პარტნიორებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონით ან ამ წესდებით არის პირდაპირ გათვალისწინებული და აუცილებელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ანალოგიურ პუნქტს ვპოულობთ მეწარმეთა შესახებ კანონში, თუმცა კომპანიის რეალობიდან გამომდინარე ყველა პარტნიორს ერთნაირი უფლებები და ვალდებულებები შეიძლება ვერ მიენიჭოს გამომდინარე მათი წილობრივი მონაწილეობის ან/და კომპანიის საქმიანობაში მათი აქტიური ან თუნდაც პასიური როლიდან. ეს შეიძლება იყოს რომელიმე პარტნიორისთვის ან პარტნიორთა ჯგუფისთვის ცალკეული კონკრეტული მახასიათებლის ტრანზაქციის შეთანხმების ვალდებულება ან სხვა ისეთი უფლება ან ვალდებულება, რომელთა წესდებაში ასახვა მიზანშეწონილად ჩაითვლება.
- ორი და მეტი დირექტორის დილემა
კომპანიის ყოველდღიურ ხელმძღვანელობას ახორციელებს ხელმძღვანელი ორგანო, რომელიც შპს-ში შეიძლება იყოს ხელმძღვანელი ფიზიკური ან იურიდიული პირი/პირები. ამ ორგანოს უფლებამოსილება, აგრეთვე მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება კანონითა და წესდებით.
მეწარმეთა შესახებ კანონის ზოგადი დანაწესის თანახმად წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობის განხორციელებას:
ა) ერთი პირის მიერ ერთპიროვნულად;
ბ) რამდენიმე ხელმძღვანელი პირის მიერ ერთობლივად ან ცალ-ცალკე;
გ) ყველა ხელმძღვანელი პირის მიერ ერთობლივად.
თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ივარაუდება, რომ სამეწარმეო საზოგადოებაში ხელმძღვანელობით საქმიანობას ყველა ხელმძღვანელი პირი ერთობლივად ახორციელებს.
უფრო მეტიც თუ სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო რამდენიმე წევრისგან შედგება, ისინი წარმომადგენლობით უფლებამოსილებას მხოლოდ ერთობლივად ახორციელებენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წესდება ადგენს ერთი ან რამდენიმე პირის ერთპიროვნულ წარმომადგენლობას ან რამდენიმე პირის ერთობლივ წარმომადგენლობას ან უშვებს ასეთ შესაძლებლობას.
შპს-სთან მიმართებაში რამდენიმე ხელმძღვანელი პირის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება შესაბამისი ნორმები სააქციო საზოგადოების ორგანოების შესახებ და იგივე წესია გადატანილი სტანდარტულ წესდებაში.
ფაქტიურად მეწარმეთა შესახებ კანონის მუხლების სტანდარტულ წესდებაში გადატანით ხელმძღვანელი პირის, ანუ დამკვიდრებული ტერმინოლოგიით - დირექტორის ან/და დირექტორების დანიშვნის, ერთპიროვნულ თუ ერთობლივ უფლებამოსილებათა გამიჯვნის სიცხადის კუთხით მთელი რიგი კითხვნის ნიშნები შეიძლება დაისვას. დირექტორის და თუნდაც დირექტორთა საბჭოს ეფექტური მუშაობისთვის უფლებამოსილებათა მკვეთრი გამიჯვნა, დანიშვნის, განთავისუფლების, გადაწყვეტილების მიღების წესი და პირობები არსებითი მნიშვნელობის შეიძლება იყო და შესაბამისად წესდებაში სათანადო განსაზღვრა მიზანშეწონილი.
- საწარმოს სამეთვალყურეო საბჭო
ხელმძღვანელი ორგანოს/პირების საქმიანობის კონტროლის განხორციელების მიზნით სამეწარმეო საზოგადოებას კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება ჰყავდეს სამეთვალყურეო საბჭო. შპს ქმნის სამეთვალყურეო საბჭოს, თუ კანონი ან წესდება ითვალისწინებს სამეთვალყურეო საბჭოს არსებობას. თუმცა შპს-ს სტანდარტული წესდება არ ითვალისწინებს სამეთვალყურეო საბჭოს და შესაბამის უფლება-მოვალეობებს.
კანონი ასეთი შემთხვევებისთვის ითვალისწინებს მითითებით ნორმას და გამოიყენება სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსთან მიმართებაში დადგენილი ნორმები. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, სამეთვალყურეო საბჭოს, როგორც ორგანოს, შპს-ს მართვის სტრუქტურაში შემოტანა გამოიწვევს სულ მცირე უფლება-მოვალეობების ხელახალ გადანაწილებას კონკრეტული კომპანიის კორპორატიული თავისებურებების გათვალისწინებით, რაც მიზაშეწონილია აისახოს კომპანიის წესდებაში.
- საერთო კრების უფლებამოსილება
საერთო კრება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომელიც ტრადიციულად იღებს გადაწყვეტილებებს კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე. მეწარმეთა შესახებ კანონი განსაზღვრავს საერთო კრების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს, თუმცა უფლებამოსილების ფარგლები შეიძლება გაფართოვდეს ან პირიქით, მათი ნაწილი დელეგირებულ იქნეს წესდების საფუძველზე სამეთვალყურეო საბჭოზე, დირექტორთა საბჭოზე თუ უშუალოდ დირექტორზე, გამომდინარე კომპანიის კორპორატიული სტრუქტურიდან.
კანონის მიერ განსაზღვრული პარტნიორთა საერთო კრების უფლებამოსილებები იდენტურადაა გადატანილი სტანდარტულ წესდებაში და ძირითადად ეხება წილების გამოშვება, გადაცემას, კლასებად დაყოფას და უფლებრივ ცვლილებებს, სამთვალყურეო საბჭოს შექმნას/დაკომპლექტებას, წესდების/მასში ცვლილების დამტკიცებას. საერთო კრების კომპეტენცია ნაკლებად ეხება კომპანიის მიერ დადებულ გარიგებებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გარიგების ღირებულება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების აქტივების საბალანსო ღირებულების 50 პროცენტს აღემატება.
კანონსა და წესდებაში განსაზღვრულ საერთო კრების უფლებამოსილებების ჩამონათვალის მიღმა ნებისმიერი საკითხი ახალი კანონის და შესაბამისად სტანდარტული წესდების თანახმად შედის ხელმძღვანელი ორგანოს კომპეტენციაში.
საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკით მრავალი სხვადასხვა მიზეზის გამო შპს-ს პარტნიორთა კრება უფრო აქტიურად ერევა კომპანიის საქმიანობაში ვიდრე ახალი მეწარმეთა შესახებ კანონით არის ამჟამად განსაზღვრული და კომპანიის წესდება მიზანშეწონილია რომ ასახავდეს ამ რეალობას. მაგალითად ისეთ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება, როგორიცაა სესხისა და კრედიტის აღება, ინვესტიციების მოზიდვა, კომპანიის აქტივების შეძენა, გასხვისება, დატვირთვა, ახალი ბიზნეს საქმიანობის წამოწყება და მნიშვნელოვანი ან/და გრძელვადიანი გარიგებების დადება, ფილიალებისა და წარმომადგენლობების შექმნა და სხვა საკითხები საჭიროებს სიცხადეს კომპანიის წესდების დონეზე, რათა ის იქცეს რეალურ მუშა დოკუმენტად, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში დაეყრდნობა გადაწყვეტილების მიმღები, ეს იქნება საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო, ცალკეული დირექტორი თუ დირექტორთა საბჭო.
- საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღება
საერთო კრების კომპეტენციის ფარგლების საკითხს ლოგიკურად ებმის გადაწყვეტილების მიღების პროცესის ჯაჭვში ისეთი საკითხი, როგორიცაა ხმების საჭირო რაოდენობა ცალკეული გადაწყვეტილებებისთვის.
ზოგადი დანაწესით პარტნიორთა გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტი, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. პარტნიორის ხმების რაოდენობა გამოითვლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში ამ პარტნიორის წილის მიხედვით.
უფრო მაღალი კვორუმია საჭირო შპს-ს სადამფუძნებლო შეთანხმებაში ცვლილების/წესდების ახალი რედაქციის მისაღებად და საჭიროა კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობა, ხოლო იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ეხება წილების რომელიმე კლასთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაკავშირებული უფლების ცვლილებას (მათ შორის, უფლების განხორციელების პროცედურის ცვლილებას), დამატებით საჭიროებს ცვლილებისადმი დაქვემდებარებული კლასის განთავსებულ წილებთან დაკავშირებული ხმების საერთო რაოდენობის, სულ მცირე, 3/4-ის მფლობელთა თანხმობას.
როგორც კანონი, ასევე სტანდარტული წესდება შეიცავს საერთო კრების მოწვევის და კენჭისყრის საკმაოდ დეტალურ ნორმებს და არაერთი საკითხის მიმართ ნამდვილად დაწესებულია მაღალი კვორუმი გადაწყვეტილების მისაღებად. თუმცა მთელი რიგი საკითხების მიმართ ეს პოტენციურ რისკებს არ ამცირებს.
სტანდარტული წესდების თანახმად საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუკი მას ესწრება/ესწრებიან ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი/პარტნიორები. თუ საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანი არ არის, კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მასზე დამსწრე ხმის უფლების მქონე პარტნიორთა რაოდენობის მიუხედავად. საზოგადოებაში ხმების რაოდენობა გამოითვლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში წილის მიხედვით.
აღნიშნული ნორმის დამატებით სტანდარტული წესდება ასევე განსაზღვრავს, რომ საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონით ან ამ წესდებით განსაზღვრულია ხმათა უფრო დიდი რაოდენობა ან სხვა, დამატებითი პირობები.
აღნიშნულიდან გამომდინარე შესაძლებელია დადგეს ისეთი სიტუაცია, როდესაც მეორედ მოწვეული რიგგარეშე კრება გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მაშინაც, როცა მას ესწრება კომპანიის წილების ნახევარზე ნაკლების მფლობელი პარტნიორები და მათ მიერ მისაღები გადაწყვეტილებისთვის ასევე საჭიროა დამსწრეთა უმრავლესობა და არა კომპანიის საერთო წილების მფლობელთა უმრავლესობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია, წესდებით მოხდეს საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღების იმ სქემის მიღება, რომელიც მორგებული იქნება ცალკეული კომპანიის და მათი პარტნიორების ლეგიტიმურ ინტერესებს.
- საერთო კრების მოწვევის ტექნიკური საკითხები
საერთო კრების მოწვევა ხდება საწარმოთა ელექტრონული პორტალის მეშვეობით, თუმცა ცალკეული კომპანიებისთვის შესაძლებელია უნდა იყოს ისეთი საშუალების გამოყენება, რომელსაც პარტნიორი უფრო ხშირად იყენებს, როგორიცაა კომპანიის ელექტრონული ფოსტა.
რიგგარეშე კრების მოწვევის წინადადების წარდგენა პარტნიორს შეუძლია ბოლო საერთო კრების ჩატარებიდან არაუადრეს 1 თვისა, ხოლო ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია აღნიშნული მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვისა ჩაატაროს პარტნიორთა რიგგარეშე კრება. აღნიშნული ნორმების კომბინაციით შესაძლებელია ოთხი თვის განმავლობაში მოუწიოს პარტნიორს ლოდინი იმისთვის, რომ ჩატარდეს კრება და მიღებულ იქნას გადაწყვეტილება. ჩვენი აზრით აღნიშნული ვადები წესდებაში უნდა შემცირებულ იქნას, რათა პარტნიორის მიერ საერთო კრებით გადასაწყვეტი საკითხები არ დაგვიანდეს.
ვადების საკითხი ერთ-ერთი გამორჩეული საფუძველია იმისთვის, რომ კომპანიამ სტანდარტული წესდების ნაცვლად საკუთარი დოკუმენტი შეიმუშავოს და მოარგოს კომპანიიის ბიზნეს აქტივობის ტემპს. მაგალითად კანონისმიერი 15 დღიანი ვადა საერთო კრების ოქმის შესადგენად გადმოტანილია პირდაპირ წესდებაში. 15 დღიანი ვადა საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების ოქმში ფიქსაციისა და მასში ასახული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საკმაოდ გრძელი პერიოდია, მით უმეტეს, როდესაც ცალკეულ ტრანზაქციებზე თითოეული დღე კი არა საათი შეიძლება იყოს გადამწყვეტი.
საერთო კრების მორიგი და რიგგარეშე წესით მოწვევის პარალელურად მნიშვნელოვანია ასევე ფიზიკურად კრების მოწვევის გარეშე საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული პროცესი ტექნოლოგიურმა პროგრესმა კიდევ უფრო გაამარტივა და ახალი მეწარმეთა შესახებ კანონი ითვალისწინებს ასეთ შესაძლებლობას. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც სტანდარტულ წესდებაში უფრო მწირად არის წარმოდგენილი შესაბამისი მომწესრიგებელი ნორმები.
მიზანშეწონილია კომპანიის წესდებაში მეტი დეტალიზაციით აისახოს პარტნიორების მიერ გადაწყვეტილების მიღება კრების ფიზიკურად ჩატარების გარეშე, სადაც განისაზღვრება როგორც ვადები, ქვორუმი, გამოყენებული ტექნოლოგიური საშუალებები, ასევე მონაწილეთა სარწმუნო იდენტიფიცირების, თანხმობის სანდო ფიქსაციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი პროცედურების განხორციელების მექანიზმები. ჩვენი გამოცდილებით ასეთი წესები ხელს უწყობს კომპანიის მენეჯმენტს დროული გადაწყვეტილების მიღებასა და ეფექტური მართვის პრაქტიკის დანერგვაში.
დასკვნა
ახალი კანონი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამის საკანონმდებლო ჩარჩოს განსაზღვრავს და ასევე პარტნიორთა მიერ სადამფუძნებლო შეთანხმებით მოუწესრიგებელი ურთიერთობების შევსებას უზრუნველყოფს - ე.წ. დეფოლტ წესებით. თავად სტანდარტული წესდებაც საკმაოდ ვრცელი დოკუმენტია, დიდწილად იმეორებს კანონის ნორმებს.თუმცა ასევე გასათვალისწინებელია, რომ ახალ კანონში არ არის ნათლად მოცემული იმპერატიული და დისპოზიციური ნორმების გამიჯვნის კრიტერიუმები, რაც პრაქტიკაში ბიზნესისთვის დამატებით სირთულეები შეიძლება წარმოშოს. სწორედ ამიტომ კომპანიები არ უნდა შეუშიდნენ საკუთარი კორპორატიული სტრუქტურის, ბიზნეს საქმიანობისა და ბიზნეს გეგმების შესაბამისად შეიმუშავონ კომპანიაზე მორგებული წესდება, რომელიც მათ დაეხმარება დასახული მიზნების მიღწევაში.