„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი ძალაში 2022 წლის 01 იანვრიდან შევიდა, თუმცა კვლავაც აქტუალურ თემად რჩება თუ გავითვალისწინებთ, რომ მასში განხორციელებულ ცვლილებებთან მეწარმე სუბიექტის თანხვედრაში მოსაყვანად განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომაც საქართველოში რეგისტრირებული სუბიექტების დიდ უმრავლესობას სარეგისტრაციო მონაცემები ახალი კანონთან შესაბამისობაში არ მოუყვანია.
2024 წლის 1-ელ იანვრამდე განსაზღვრული ვადა 2024 წლის 30 ნოემბრის ცვლილებით 2025 წლის 1-ელ აპრილამდე გადავადდა, თუმცა თუ აღნიშნული ვალდებულება მაინც არ შესრულდა, 2026 წლის 1 იანვრიდან მიიღება გადაწყვეტილება ამ ვალდებულების დამრღვევი მეწარმის რეგისტრაციის ხარვეზიანობის შესახებ და ხარვეზის აღმოსაფხვრელად მას 3-თვიან ვადა უდგინდება. ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ უკვე მიიღება გადაწყვეტილება საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
რთულია ერთი კონკრეტული მიზეზის დასახელება თუ კომპანიათა დიდ უმრავლესობას რატომ არ მოუყვანია თავისი სადამფუძნებლო დოკუმენტაცია ახალ კანონთან შესაბამისობაში. თუმცა ეს პროცესი არ არის რთული. ახალ კანონთან ერთად მიღებულია მისი შესაბამისი მეწარმე პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქცია, შემოღებულია სადამფუძნებლო შეთანხმების ფორმა და განსაზღვრულია ძირითადი მონაცემები, რაც უნდა აისახოს მასში. უფრო მეტიც, ადრე თუ ძირითადად კომპანიების დაფუძნებისას მეწარმეები იყენებდნენ საჯარო რეესტრის სტანდარტულ შაბლონს, ახლა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა თითოეული სამართლებრივი ფორმის შესაბამისი სტანდარტული წესდება, რომელიც არ შეიცავს შესაცვლელ ელემენტებს და მის გამოსაყენებლად მეწარმეები უბრალოდ მიუთითებენ რომ იყენებენ სწორედ სტანდარტულ წესდებას და არა წესდების თავიანთ ვერსიას.
სტანდარტული წესდება თავისი შინაარსით უმეტეს შემთხვევაში იმეორებს მეწარმეთა შესახებ კანონით განსაზღვრულ წესებს, შეზღუდვებს, პროცედურებსა და ვადებს და დასაშვებია მისი ავტომატურ რეჟიმში მიღება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ისედაც იუსტიციის სამინისტროს შაბლონური წესდებით ხელმძღვანელობდნენ. ის კომპანიები კი, რომლებსაც ყავთ ერთზე მეტი პარტნიორი ან დირექტორი, მნიშვნელოვანი ბრუნვა და კორპორატიული აქტივობა, შეიძლება მეტად იყვნენ დაინტერესებული თავიანთი საქმიანობის თავისებურებებზე მოარგონ წესდება კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) სტანდარტული წესდების საფუძველზე შევეცდებით წამოვწიოთ მიზეზები, თუ რატომ შეიძლება საწარმომ პრიორიტეტი მიანიჭოს საკუთარი წესდების შემუშავებას.