2024 წლის 1 მარტიდან ძალაში შედის ცვლილებები მეწარმეთა შესახებ კანონში, რომელიც მიღებულ იქნა 2023 წლის 16 ნოემბერს “დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ” საქართველოს კანონთან ერთად და მასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
ცვლილები ძირითადად შეეხო აქციების ფორმის რეგულირებას, აქციათა რეესტრის, აქციის ფლობის, მასზე აქციონერის საკუთრების უფლების დადასტურების წესს.
კერძოდ, ამ ცვლილებით განისაზღვრა აქციის ფორმა და დადგინდა, რომ აქცია არის რეგისტრირებული ან დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი, რომელიც განსაზღვრავს სააქციო საზოგადოების კაპიტალში პირის მონაწილეობას.
რეგისტრირებული აქციის მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 928-ე მუხლით განსაზღვრული რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდი და შესაბამისი რეგულირება, ხოლო დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის მიმართ ახალი სპეციალური კანონი ამავე სახელწოდებით.
საზოგადოების აქციები წარმოადგენს საჯარო ფასიანი ქაღალდებს, რომელიც მხოლოდ დემატერიალიზებული შეიძლება იყოს, გარდა სპეციალური გამონაკლისებისა.
შეიცვალა ასევე აქციათა რეესტრის, აქციის ფლობის, მასზე აქციონერის საკუთრების უფლების დადასტურების წესი.
ცვლილებით განისაზღვრა, რომ დემატერიალიზებული აქციების ფლობა და მიმოქცევა, ისევე როგორც ასეთ აქციებზე საკუთრების უფლების დადასტურების წესი დეტალურად დარეგულირდება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით. რაც შეეხება რეგისტრირებული აქციების ფლობას და მიმოქცევას, აღნიშნულს დეტალურად მოაწესრიგებს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონი (სააქციო საზოგადოების ფორმით ჩამოყალიბებული საინვესტიციო კომპანიის მიერ ემიტირებული ერთეულების (აქციების) ნაწილში) და მათ საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შესაბამისი წესები.
კანონი აგრეთვე ადგენს იმ შემთხვევებს, როდესაც სავალდებულოა აქციების დემატერიალიზებული ფორმით არსებობა, თუ ასევე სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ვინაიდან, როგორც ზემოთ იქნა აღწერილი, კანონპროექტი ითვალისწინებს აქციის ფორმის და მათი ფლობის განსხვავებულ რეგულირებას (დემატერიალიზებული აქციების შემთხვევაში), აქციათა რეესტრიც ყველა შემთხვევაში ისეთი ფორმით აღარ იქნება წარმოებული, როგორც ამას „მეწარმეთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს, რაც ასევე აისახა შესაბამის მუხლებში.
ფასიანი ქაღალდების გამოშვება
აგრეთვე ცვლილების მიხედვით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით აუცილებელია დგინდებოდეს სამეწარმეო საზოგადოებათა მიერ ობლიგაციების გამოშვების საფუძვლები. შესაბამისად დაემატა მუხლი, რომლის თანახმადაც სამეწარმეო საზოგადოება უფლებამოსილია, გამოუშვას სასესხო ფასიანი ქაღალდები.
ობლიგაცია მოიაზრებს სააქციო საზოგადოების მიმართ ფულად მოთხოვნას. ობლიგაციის მფლობელთა უფლებები და ვალდებულებები სააქციო საზოგადოების მიმართ განისაზღვრება მათი გამოშვების პირობებით.
სასესხო ფასიანი ქაღალდი შეიძლება გამოშვებული იყოს პერიოდული პროცენტის (კუპონის) გადახდის პირობით ან მის გარეშე. სასესხო ფასიანი ქაღალდი შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე სხვა უფლებებს, მათ შორის, აქციად კონვერტაციის უფლებას.
ობლიგაციების გამოშვების პირობები თან უნდა დაერთოს პროსპექტს ან იმ ეკვივალენტურ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც მოხდა მათი გამოშვება. ობლიგაციის შეძენით, პირი თანხმდება მათი გამოშვების პირობებს.