პერსონალური მონაცემი, ანუ ნებისმიერ ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება, ამიერიდან ახალი ევროპული კანონმდებლობით დამკვიდრებული დაცვის სტანდარტით დარეგულირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.
პერსონალური მონაცემის განმარტება საკმაოდ ფართოა. ნებისმიერი ზომის ბიზნესს, რომელიც აქტიურად ეწევა საქმიანობას, უწევს პირდაპირ თუ არაპირდაპირ სხვადასხვა ტიპის პერსონალური ინფორმაციის დამუშავება ეს იქნება თანამშრომლების, კონტრაჰენტების/პარტნიორების თუ არსებული და პოტენციური კლიენტების; შესაბამისად, მიზანშეწონილია ამ პროცესში მონაწილე პირების პერსონალური ინფორმაციის სწორი დამუშავება და მართვა, რაც მას სამომავლოდ თავიდან ააცილებს კანონის დარღვევასა და თანმდევ სანქციებს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი და უფრო კომპლექსური კანონის მიღების საჭიროება განაპირობა, ერთის მხრივ, საქართველოს მიერ ევროპის კავშირთან ასოცირების შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრმა ვალდებულებმა და, მეორეს მხრივ, საინფორმაციო ტექნოლოგიური საშუალებების მზარდმა გამოყენებამ ფიზიკური პირების მონაცემების დიდი მოცულობებით შეგროვება, დამუშავება, შენახვა და გამოყენებაში მთელი სპექტრი მიზნებისთვის, რომელთა შესაბამისობა ფიზიკური პირის უფლებებთან და კანონიერ ინტერესებთან მნიშვნელოვანი განხილვის საგანად იქცა განსაკუთრებით ბოლო წლებში.
კანონი სრულად ჰარმონიზირდა ევროკავშირის მიერ დანერგილ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალ სტანდარტებთან, რომელიც შემოღებულ იქნა 2016 წლის 27 აპრილის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს მიერ მიღებულ იქნა ახალი 2016/679(GDPR) რეგულაციის საფუძველზე (ძალაში შევიდა 2018 წლის 25 მაისიდან). დადგინდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი სტანდარტები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში შემოღებულ იქნა ახალი მნიშვნელოვანი ცნებები და ინსტიტუტები თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით.
სიახლის მნიშვნელობიდან გამომდინარე კანონი ოთხ ეტაპად შედის ძალაში, თუმცა მისი ძირითადი ნაწილი ამოქმედდება 2024 წლის 1 მარტიდან.